"თელასი" ამ ეტაპზე ტარიფის გადახედვას არ გეგმავს

კომპანია "თელასი" ამ ეტაპზე ტარიფის გადახედვას არ გეგმავს.

ამის შესახებ ”თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა. "ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმ ტარიფით, რაც დადგენილი გაქვს. თუ რამე შესაცვლელი იქნება, ამ შემთხვევაში სემეკ-მა უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ამჟამად დადგენილი ტარიფით ვმუშაობთ", - განაცხადა ფანცულაიამ.

კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია მიმართოს სემეკ-ს ტარიფის გადახედვის თხოვნით, ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, ეს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურაა და ამჟამად ამაზე საუბარიც არ ყოფილა.

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ექსპერტები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავენ. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, გარდაუვალია, ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება.