ნოდარ ხადური: ეროვნულ ბანკთან სინქრონულად ვმუშაობთ, რომ არსებული პროცესები ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს

ეროვნულ ბანკთან სინქრონულად ვმუშაობთ, რომ არსებული პროცესები ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

ხადურმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დოლართან მიმართებაში რეგიონის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება. "ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ეროვნულ ბანკთან სინქრონულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ, პროცესები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა. ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 33,5 პროცენტით გააუფასურა საკუთარი ვალუტა", - აღნიშნა ხადურმა.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა შრომის ინსპექციის შექმნის საკითხზეც და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანიზაცია არ არის. "არის რეგულაციები, რომელთა შემოღებაც აუცილებელია ქვეყნისთვის, მათ შორის ევროპული არჩევანის გასამყარებლად. შრომის ინსპექცია არ არის სადამსჯელო ღონისძიება და სადამსჯელო ორგანიზაცია", - განმარტა ხადურმა შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, შრომის ინსპექციის შექმნამ "ბიზნესი დააფრთხოს".