"ყაზტრანსგაზი" მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირებას არ აპირებს

კომპანია "ყაზტრანსგაზი" სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას არ აპირებს.

ამის შესახებ "ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განაცხადა. "მსგავსი რამ მოსახლეობის მისამართით არც განიხილება. მოსახლეობას გაზით ამარაგებს სახელმწიფო და გარწმუნებთ, რომ მსგავსი საკითხი ჩვენთვის დღის წესრიგაში არც დამდგარა", - განაცხადა სარიამ.

რაც შეეხება კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის საფასურის გაზრდას, ეკა სარიას თქმით, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.  "ჩვენ არ ვიშურებთ მცდელობას, მთავრობასთან ერთად, რომ გამოინახოს რაიმე რეზერვი, რათა ეს არ მოხდეს. საბოლოო პასუხი მე დღეს არ მაქვს", - განაცხადა სარიამ.

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო ექსპერტები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავენ. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, გარდაუვალია, ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ ენერგოტარიფებზეც აისახება. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება.