დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, წინა კვირას ფარმაცევტთა პროფესიულმა ასოციაციამ დაასრულა კვლევა, რომელიც მაღალი სიზუსტით თანხვედრაშია სამინისტროს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან და ამ მონაცემების მიხედვით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ აქვთ, ძალაშია და როდესაც ნახავენ, რომ რაიმე სახიფათო, საგანგაშო სიგნალებია, მყისიერად მოახდენენ რეაგირებას.

კითხვაზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენი სახის მედიკამენტის ფასია გაზრდილი და როგორია პროცენტული მაჩვენებელი, სერგეენკოს განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი არის 8-10%-ის ფარგლებში.

"საშუალოდ 8%-ია. რაც შეეხება რაოდენობას, ასის ფარგლებში იყო, ახლა უბრალოდ ზუსტად ციფრს ვერ ვიხსენებ. დღეს უკვე იქნება განახლებული ინფორმაცია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.