OneCoin, BitConnect და PlusToken - კრიპტოსამყაროს უმსხვილესი ფინანსური პირამიდები

Google Trends-ის თანახმად, STEPN-ის ციფრულ ბოტასზე ინფორმაციას ყველაზე მეტად საქართველოში ეძებენ. პოპულარობა იზრდება, თუმცა სირბილით გამოსამუშავებელი ციფრული ჟეტონების ყოველი გაუფასურება ინვესტორების ღელვას იწვევს.

ჩნდება აზრიც, რომ STEPN-ის ციფრული ბოტასი ფინანსურ პირამიდას წარმოადგენს - სხვადასხვა ეკონომისტი თუ ფინანსისტი მას კლასიკულ ფინანსურ პირამიდას ამსგავსებს და თანხის გამოსამუშავებლად მარათონში ჩართულ მონაწილეებს ფულის შესაძლო დაკარგვის საფრთხისკენ მიუთითებს.

ფინანსურ პირამიდად საქართველოს ეროვნული ბანკი ისეთ საქმიანობას განსაზღვრავს, რომლის ფარგლებშიც ხალხისგან ინვესტიცია მოიზიდება, სანაცვლოდ კი მაღალი სარგებლის გაცემის პირობა იდება. დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ყოველ შემდგომ ეტაპზე ვალდებულებების გასასტუმრებლად კი სულ უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

მსგავსი სქემა ჯერ კიდევ 1911 წელს იტალიელმა ემიგრანტმა, ჩარლზ პონციმ გამოიყენა ამერიკაში და ამ გზით 15 მილიონ დოლარამდე მიითვისა. ამიტომაც აშშ-ში ამ სქემას პონცის სქემის სახელით იცნობენ.

ფინანსური პირამიდები მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახდა. გარკვეული უპირატესობების (ანონიმურობა, წვდომა, გამოყენების სიმარტივე, ტრანზაქციული დანახარჯები) მიუხედავად, კრიპტოვალუტები დღესაც რჩება კრიმინალების, ფულის გამთეთრებლებისა და თაღლითების საყვარელ ვალუტად და შესაბამისად, ფინანსური პირამიდები კრიპტოსამყაროშიც წარმატებით გამოიყენება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ კრიპტოსამყაროს უმსხვილეს ფინანსურ პირამიდებს, რომლებმაც მასში ჩართულ ადამიანებს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.

OneCoin

OneCoin მიიჩნევა კრიპტოსამყაროს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ პირამიდად, რომელიც 2014-2017 წლებში ფუნქციონირებდა. მისი დამაარსებელი ბულგარელი თაღლითი რუჯა იგნატოვაა. პირამიდა კლასიკური პონცის სქემის შესაბამისად მოქმედებდა და მასში 3 მილიონ ადამიანამდე იყო ჩართული. ინვესტორებმა, საბოლოო ჯამში, 5 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს.

იგნატოვამ მოახერხა ხალხის დარწმუნება, რომ OneCoin-ი მალე მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტას არ ჰქონდა საკუთარი ბლოკჩეინი და მხოლოდ იმ საიტებზე იყო დაშვებული, რომლებიც პირამიდებთან ასოცირდებოდა.

სქემაში მონაწილეობის საფრთხეებზე საუბარი, თავდაპირველად, ბულგარეთის მთავრობამ დაიწყო, რის შემდეგაც OneCoin-მა ქვეყანა დატოვა და უარი თქვა ბულგარეთში ბანკებთან თანამშრომბლობაზე.

კრიტიკა და ხალხის გაფრთხილება მალე სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. იგნატოვა ინვესტორებს სასაუბროდ პორტუგალიაში, ლისაბონში უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

pppp-1654159699.png

იგნატოვა Europol-ის ევროპის ყველაზე სასურველი ძებნილების სიაში.

რუჯა იგნატოვა 2017 წლიდან ემალება სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის, FBI-ის. ამის გამო მას გაუჩინარებულ კრიპტოდედოფალს უწოდებენ. 2019 წელს იგნატოვას აშშ-ის ხელისუფლებამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

BitConnect

კიდევ ერთი კრიპტო ფინანსური პირამიდა BitConnect (BCC) 2016-2018 წლებში ფუნქციონირებდა. ის უცნობმა დეველოპერებმა შექმნეს, მათ სათავეში კი იდგა ადამიანი, რომელიც სატაო ნაკამოტოს ფსევდონიმს იყენებდა.

BitConnect-ის სქემის მონაწილეებს უნდა ეყიდათ ციფრული მონეტები და სპეციალურ პლატფორმაზე განეთავსებინათ, ბოტი კი ვაჭრობის შედეგად მათთვის მოგებას ავტომატურად გამოიმუშავებდა. პირამიდის წევრებს ყოველთვიურ 40%-იან მოგებას პირდებოდნენ. დამაარსებლების თანახმად, 1,000 დოლარიანი ინვესტიციის შემთხვევაში, 3 წელიწადში 50 მილიონი დოლარის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

პირველად BitConnect-ი კრიპტოვალუტა ეთერიუმის დამაარსებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა გააკრიტიკა და მას კლასიკური პონცის სქემა უწოდა. ამერიკელი ინვესტორი, მაიკლ ნოვოგრაცი და ლაითკოინის დამაარსებელი, ჩარლი ლიც ბუტერინის მოსაზრებას იზიარებდნენ. კრიტიკის ფონზე ბიზნესის გასაჯაროვება მოითხოვა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.

საბოლოო წერტილი აშშ-ს ხელისუფლების მიერ BitConnect-ის ფინანსურ პირამიდად გამოცხადება იყო, რის შედეგადაც BCC-ის ციფრული ჟეტონის ფასი 90%-ით გაუფასურდა, ინვესტორებმა კი 3.5 მილიარდი დოლარი იზარალეს.

2022 წლის თებერვალში სანდ-დიეგოს სასამართლომ ინდოელ სატიშ კუმბანის, რომელიც დღეს BitConnect-ის დამაარსებლად მიიჩნევა, ბრალი წაუყენა 2.4 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტების მითვისებისთვის. იგნატოვას მსგავსად, კუმბანიც ძებნაშია და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

pp1-1654159770.jpg

BitConnect-ის დამაარსებელი სატიშ კუმბანი.

PlusToken

PlusToken ყველაზე ახალი და ბოლო წლების უმსხვილესი ფინანსური პირამიდაა, რომელსაც 2018 წლიდან ჩინური საკომუნიკაციო საშუალება WeChat არეკლამებდა.

დამაარსებლების დაპირება ინვესტიციის გაკეთების შემდეგ 10%-დან 30%-მდე ყოველთვიური მოგება იყო. სქემაში 4 მილიონ ადამიანამდე ჩაერთო, ძირითადად, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში და PlusToken-ის კრიპტოვალუტების გაყიდვებმა ბიტკოინის ფასის კლებაც კი გამოიწვია.

2019 წლის ივნისში სქემასთან ასოცირებული 6 ჩინელი დააკავეს ვანუატუში და დაარეპორტეს ჩინეთის სასამართლოს წინაშე წარსადგომად.

sssss-1654159811.jpg

Plustoken-ის ექვსეული.

2020 წლის ივლისში 27 ეჭვმიტანილი და PlusToken-ის 82 წევრი დააკავეს ჩინეთში. მთავარ დამნაშავეებს 2-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კახი ჩაკვეტაძე