საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 30 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში, წინა წელთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9%-ით შემცირდა.

საქსტატმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 156 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 182 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 61 მლნ აშშ დოლარი იყო (35 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 120 მლნ აშშ დოლარი (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 39% და იმპორტში 22% (2014 წლის იანვარში შესაბამისად 23, 20 და 23 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 15 პროცენტი (2014 წლის იანვარში 26 პროცენტი).

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარში 206 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 55 მლნ აშშ დოლარი (51 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 151 მლნ აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარში შესაბამისად 35, 51 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2014 წლის იანვარში 12 პროცენტი).

2015 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (109 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (79 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (58 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა - 22 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14% შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი უდრიდა 19 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 12 %-ს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 17 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11% შეადგინა.