კახა კალაძემ "ხელვაჩაური ჰესი 1-ზე" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აჭარაში "ხელვაჩაური ჰესი 1-ზე" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული კომპანია "აჭარ ენერჯი 2007" მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სამ ჰესს მოიცავს – "კირნათი ჰესი", "ხელვაჩაური ჰესი 1" და "ხელვაჩაური ჰესი 2"

"კირნათი ჰესი" და "ხელვაჩაური ჰესი 1" ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა, ხოლო კასკადში შემავალი მესამე ელექტროსადგურის პროექტის "ხელვაჩაური ჰესი 2" - ის განხორციელებას კომპანია 2015 წელს დაიწყებს და 2018 წელს დაასრულებს.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც კომპანიამ 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.