რუსეთი საგარეო ვალს ევროშიც ვეღარ გადაიხდის - ცენტრალურმა დეპოზიტარმა საგანგებო მდგომარეობა აღიარა

რუსეთის ეროვნულმა ანგარიშსწორების დეპოზიტარმა, მის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ, საგანგებო მდგომაროება აღიარა და ევროში ოპერაციები შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას დეპოზიტარის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარი არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებაა და ქვეყნის ცენტრალური დეპოზიტარია, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალი მონაწილეა. ის მოსკოვის ბირჟის ჯგუფის ნაწილია და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის სადეპოზიტო, საანგარიშსწორებო და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაში არის სპეციალიზებული.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ საბანკო საქმიანობაში ეროვნული დეპოზიტარი ევროში ტრანზაქციებს აჩერებს, ხოლო სხვა ვალუტაში სახსრების ჩამოწერის ან ჩარიცხვის ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან, ეროვნული დეპოზიტარი რაიმე დამატებით შეზღუდვებს სადეპოზიტო საქმიანობაზე არ აწესებს.

ევროკავშირმა თავის ოფიციალურ ჟურნალში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 3 ივნისს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად ამოქმედდა. შეზღუდვების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ახალი სანქციები 65 რუსს და 18 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარს დაუწესა.

აქამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტრო სუვერენული ვალის დოლარსა და ევროში გადახდას ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარისთვის თანხის გადარიცხვით ახორციელებდა. ევროკავშირის მეექვსე პაკეტის სანქციებამდე, რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმაც აღარ გაუგრძელა, რომლის ვადაც 25 მაისს ამოიწურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ