ლარის გაუფასურების გამო, საწვავი შესაძლოა გაძვირდეს

”1 ლიტრს საბითუმო ქსელში 1,25 ლარად ვყიდდით, ახლა კი უკვე 1,45 ლარი ღირს”.

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი უკვე 2,1971 ლარი ღირს. საერთაშორისო ბაზრებზე კი ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ ორი გარემოების გათვალისწინებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საწვავზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას კომპანია ”სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, 1 ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი დაახლოებით 120 დოლარით გაიზარდა, რასაც თან დაერთო ლარის მკვეთრი ვარდნა დოლართან მიმართებაში.

ზაალ იაკობიძე:

”ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ”პლატსის” ფასი ნავთობპროდუქტებზე. როცა ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით 10-15 თეთრით იაფად გავყიდდით, მაშინ მაგალითად დიზელის საწვავს, 1 ლიტრს საბითუმო ქსელში 1,25 ლარად ვყიდდით, ახლა კი უკვე 1,45 ლარი ღირს. ამას თან დაერთო ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში და მოგეხსენებათ, რომ ნავთობიმპორტიორები საწვავს დოლარში ვყიდულობთ. საწვავის გაძვირება საცალო ქსელზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ აუცილებლად აისახება. უახლოესი 1 კვირის, 10 დღის განმავლობაში აუცილებლად მოხდება ფასების მატება. საწვავის თვითღირებულება როგორც კი გაიზრდება, საბითუმო ფასიც აიწევს და არსებული საცალო ფასების შენარჩუნება გაჭირდება. ჯერჯერობით არის მცირე ნაშთები და ამის გამო ხდება საცალო ბაზარზე ფასის შენარჩუნება, მაგრამ როგორც კი ამოიწურება ეს ნაშთები, ფასიც აიწევს”.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ”სენტა” ნავთობპროდუქტების ბაზარზე საკმაოდ ამბიციური გეგმებით დაბრუნდა, რომლის თანახმადაც, საცალო ქსელში, ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით, საწვავს მომხმარებელს 10-15 თეთრით იაფად შესთავაზებდა.

ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სულ უფრო ეცემა, ამ პირობის შესრულება გართულდება. ”ამ ეტაპზე დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოგვაქვს და ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საბერძნეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან. იმ პროდუქტებზე, რომელიც ჩვენ არ შემოგვაქვს, მათ შორის პრემიუმის და სუპერის მარკის ბენზინის საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, ალბათ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ ბიზნესოპერატორებთან, მათ შორის ”ლუკოილთან”, ”ვისოლთან” და ”რომპეტროლთან”. ახლაც ბენზინს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ ”რომპეტროლისგან” და ”ვისოლისგან”. ჩვენი მთავარი პირობა, რომ 10-15 თეთრით ნაკლებ ფასს შევთავაზებდით მომხმარებელს, ძალაში რჩება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მთლიანად მოხდება ბაზარზე ფასების მკვეთრი აწევა და ეს ბრენდული ავტოგასამართი სადგურების საცალო ქსელშიც აისახება. ჯერჯერობით ბრენდული ავტოგასამართი სადგურები აღარ მუშაობენ მოგების მაღალი მარჟებით. პირიქით, საკმაოდ დაბალი ფასები აქვთ. ჩვენი განცხადების შემდეგ პრინციპში ბრენდულმა ავტოგასამართმა სადგურებმაც დაწიეს ფასები, მაშინ, როცა სხვაობა ფასში მათსა და ჩვენს შორის 15-20 თეთრი იყო”,- ამბობს იაკობიძე.