ევროკავშირი გაზის აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან შესყიდვაზე ფიქრობს

ევროკომისია მზად არის ისეთ ქვეყნებთან გააფორმოს ხელშეკრულება, როგორებიც აზერბაიჯანი და თურქმენეთი არიან.

ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის პრობლემის მოგვარების გზით, ევროკომისია მზად არის ისეთ ქვეყნებთან გააფორმოს ხელშეკრულება, როგორებიც აზერბაიჯანი და თურქმენეთი არიან.

გერმანული გამოცემა Spiegel Online ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირისთვის მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიუსელი მზად არის მიმდინარე წელსვე მოაწეროს ხელი მემორანდუმს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.

არსებული ცნობებით, ბრიუსელს სურს, 2016 წლამდე შეიმუშავოს მასშტაბური პაკეტი ევროპის გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. ”ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა შექმნას სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობა გაზის მწარმოებელ და ტრანზიტულ ქვეყნებთან”, - წერს გერმანული გამოცემა Spiegel Online.

ასეთ ქვეყნებს შორის ასევე სახელდება ალჟირი, თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფო.