ევროკავშირში ყველა მობილურს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობას სტანდარტული დამტენი ექნება

ევროკავშირში მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს 2024 წლიდან სტანდარტული დამტენი მოწყობილობა ექნებათ. ასეთ შეთანხმებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს, რასაც ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

2024 წლის შემოდგომისთვის USB Type-C ყველა მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და კამერისთვის საერთო დამტენი პორტი გახდება.

განცხადებაში წერია, რომ ეს ნაბიჯი არის ევროკავშირის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც ევროკავშირის პროდუქტების „გამწვანებას,“ ელექტრონული ნარჩენების შემცირებასა და მომხმარებლების ცხოვრების გაადვილებას ემსახურება.

ახალი წესების მიხედვით, მომხმარებელს ყოველ ჯერზე, როცა ახალ მოწყობილობას შეიძენს, სხვა დამტენი და კაბელი აღარ დასჭირდება. ისინი ყველა მცირე და საშუალო პორტატული ელექტრონული მოწყობილობისთვის ერთი დამტენის გამოყენებას შეძლებენ.

მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ელექტრონული წამკითხველები, ყურსასმენები, ციფრული კამერები, ყურსასმენები, გარნიტურები, პორტატული სათამაშო კონსოლები და პორტატული დინამიკები, რომლებიც კაბელის საშუალებით იტენება, მწარმოებლისგან დამოუკიდებლად, USB Type-C პორტით უნდა აღიჭურვოს. ახალ წესებს, მათი ძალაში შესვლიდან 40 თვემდე, ასევე, ლეპტოპები უნდა მოერგოს.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი ვალდებულებები დამტენის მეორად გამოყენებას გაახშირებს და მომხმარებლებს დამტენის არასაჭირო შესყიდვებით წელიწადში, დაახლოებით, 250 მლნ ევროს დააზოგინებს.

დადგენილია, რომ უტილიზებული და გამოუყენებელი დამტენები წელიწადში, დაახლოებით, 11 000 ტონა ელექტრონულ ნარჩენს შეადგენს.

ევროკავშირის ამ გეგმიდან გამომდინარე, Apple თავისი iPhone სმარტფონების კონფიგურაციას Lightning კონექტორის გარეშე ტესტავს, რომელიც შესაძლოა, USB-C-მ ჩაანაცვლოს. კომპანია iPhone-ის ისტორიაში დატენვის პორტს მეორედ შეცვლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ