რომელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები

კომპანია ECA International-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

კომპანიამ მსგავსი რეიტინგი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეადგინა, კერძოდ - რძის, ზეთის, ბინის ქირის, კომუნალური მომსახურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება და ადგილობრივი ვალუტის სიმყარე.

ზედიზედ მესამე წელია, პირველობას არავის უთმობს ჰონგ კონგი. აღსანიშნავია, რომ აზიის ერთდროულად ხუთი ქალაქი მოხვდა ამ რეიტინგში - ჰონგ კონგი, ტოკიო, შანხაი, გუანჯოუ და სეული.

”ჩვენს რეიტინგში მატერიკული ჩინეთის ქალაქების უმეტესობას აქვს ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ ისინი მაინც ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე სხვაგან აზიაში”, - თქვა კუანმა განცხადებაში. „აქედან გამომდინარე, მათი რეიტინგში ამაღლების მთავარი მიზეზი იყო ჩინური იუანის მუდმივი ძალა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში“.

პარიზი, რომელიც წარსულში ლიდერობდა ECA-ს ამავე რეიტინგს, ტოპ 30-ს გამოეთიშა. ქვედა საფეხურებზე გადაინაცვლეს მადრიდმა, რომმა და ბრიუსელმა.

ევროზონის თითქმის ყველა დიდმა ქალაქმა განიცადა მკვეთრი ვარდნა, რადგან ევრომ ბოლო 12 თვეში უფრო ცუდი შედეგი აჩვენა, ვიდრე ამერიკულმა დოლარმა ან ბრიტანულმა ფუნტმა.

გარკვეულ როლს ასრულებენ ასევე გარე ფაქტორებიც, მათ შორის პოლიტიკა და საერთაშორისო კონფლიქტები. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვი 62-ე ადგილზე გადავიდა, სანკტ-პეტერბურგი კი 147-ე ადგილზე.

ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია ჟენევა, რომელიც მესამე ადგილზე განთავსდა ჰონგ კონგისა და ნიუ-იორკის შემდეგ. შვეიცარია ევროს ნაცვლად შვეიცარიულ ფრანკს იყენებს.

ჩრდილოეთ ამერიკის ერთადერთი ქალაქი, რომელიც მოხვდა ათეულში, ნიუ-იორკია.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. ჰონგ კონგი
  • 2. ნიუ იორკი
  • 3. ჟენევა
  • 4. ლონდონი
  • 5. ტოკიო
  • 6. თელ ავივი
  • 7. ციურიხი
  • 8. შანხაი
  • 9. გუანჯოუ
  • 10. სეული
ეკა დარჩიაშვილი