ტრაილერებისთვის გადასახადის ზრდა ჩვენი დერეფნის მიმზიდველობას შეამცირებს - პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის, პაატა ცაგარეიშვილის აზრით, სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის 200 ლარიდან 350 ლარამდე გაძვირებამ, შესაძლოა, ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის მიმზიდველობა შეამციროს და კონტრპროდუქტიული ეფექტი იქონიოს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ახლა საქართველო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ 25-30-კილომეტრიანი რიგებია ტრაილერების, სახელმწიფომაც ეს დაინახა და ჯერ პარკის გადასახადი 30-დან 80 ლარამდე გაზარდა ისე, რომ არანაირი გაანგარიშება არ გაუკეთებია, ახლა კიდევ გზათსარგებლობის საფასური. ბუნებრივია, გადასახადების ზრდა მეწარმე-გადამზიდველებს აწვებათ ზურგზე.

რატომ 350 და არა უფრო მეტი ან ნაკლები? ახალი ტარიფი არანაირ ეკონომიკურ გაანგარიშებას არ ექვემდებარება და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ტვირთნაკადები თავის კუთვნილ ადგილს დაიჭერენ დერეფენებში, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულიც იყოს და შეამციროს დერეფნის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით, არსებული გადასახადი ევროპის რიგი ქვეყნების მიერ დაწესებულ გადასახადზე, დაახლოებით, 5-ჯერ, რეგიონის ქვეყნების გადასხადზე კი თითქმის 3-ჯერ მეტია.

„ხომ არ გამოიწვევს ეს უკუეფექტს, ხომ არ გაგვიზრდიან სხვა ქვეყნებიც გადასახადს და ამით დავამძიმებთ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას? ტარიფების და გადასხადების ზრდის ბრძოლაში გაუზარდა ირანმა თურქეთს გადასახადი 500 დოლარამდე და ანალოგიურად მოიქცა თურქეთიც. სწორედ მაღალი გადასახადების გამო ამ დერეფნით იშვიათად სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დერეფანზე ბევრად უფრო ხელსაყრელია, ტრასებიც უკეთესია და გადაზიდვაც მარტივია.

350 ლარი ძალიან მაღალი გადასახადია. გამოდის, რომ 1 კილომეტრზე გადასახდელი იქნება 80 თეთრი, რაც 27 ამერიკული ცენტს უდრის. ეს გადასახადი აღემატება ევროპის თუ რეგიონის ქვეყნების საფასურს, მაგალითად, უნგრეთში გზათსარგებლობის საფასური 19 ცენტია, უკრაინაში - 7 ცენტი და ა.შ.“ - განუცხადა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, გზათსარგებლობის საფასური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახდელია, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

კახი ჩაკვეტაძე