"გაზპრომი" უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

"გაზპრომი" უკრაინას ორ დღეში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, ვინაიდან კიევმა მარტისთვის წინასწარი გადასახადი არ გადაიხადა.

ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, "გაზპრომის" ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი იტყობინება. "უკრაინულ მხარეს წინასწარ მორიგი გადახდა არ შეუსრულებია. დღევანდელი მონაცემებით, ამ დრომდე გადახდილი თანხით, მხოლოდ 219 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებაა შესაძლებელი. თუ უკრაინა არ გადაიხდის წინასწარ ბუნებრივი აირის საფასურს, მაშინ მას გაზის მიწოდება შეუწყდება, ეს კი საფრთხეს შეუქმნის რუსეთიდან ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტსაც", - განაცხადა მილერმა.

19 თებერვალს უკრაინულმა "ნაფტოგაზმა" "გაზპრომს" დღეში დამატებით 144 კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების თხოვნით მიმართა, რასაც უკრაინული მხარის განცხადებით, "გაზპრომი" არ აკმაყოფილებს.