შრი-ლანკაში ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა

შრი-ლანკას პრეზიდენტმა გოტაბეია რაჯაპასკამ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევი სამინისტრო შექმნა. ის მიმართული იქნება 1948 წლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. როგორც გაზეთი The Indian Express წერს, ახალი უწყების ხელმძღვანელად განიხილება ბიზნესმენი ჯამიკა პერერის კანდიდატურა.

ახალი სამინისტრო იმუშავებს პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვაზე ეროვნულ ეკონომიკაში მისი განვითარებისა და არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით - აღნიშნავს გაზეთი.

ხუთშაბათს შრი-ლანკამ ახალი თხოვნის პაკეტით მიმართა ინდოეთსა და ჩინეთს, რათა დაძლიოს ფინანსური უკმარისობის პრობლემა საწვავისა და სურსათის იმპორტისთვის და მათგან დადებითი პასუხი მიიღო. ინდოეთმა უკვე მიაწოდა შრი-ლანკას 6 მლნ დოლარის ღირებულების 9 ათასი ტონა ბრინჯი, 50 ტონა რძის ფხვნილი, 25 ტონა წამლები და 40 ათასი ტონა დიზელის საწვავი.

გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან 500 მლნ დოლარის კრედიტის გამოყოფისთვის, რომელიც ბენზინის იმპორტს უნდა მოხმარდეს. ამასთან, შრი-ლანკამ მანამდეც მიიღო 500 მლნ დოლარის დახმარება მეზობლებისგან. კუნძულოვანი ქვეყნის ხელისუფლებას ასევე იმედი აქვს, რომ მიიღებს დახმარებას ჩინეთიდან, მსოფლიო ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

შრი-ლანკაში ფინანსური კრიზისი უცხოური ტურიზმის კლებამ გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ, პანდემიამ განაპირობა, რამაც ქვეყანას სავალუტო უკმარისობა შეუქმნა. ხელისუფლება იძლებული გახდა გაეტარებინა რესურსების მკაცრი ეკონომია და შეემცირებინა იმპორტი. ამასთან, კრიზისთან ბრძოლას ხელს უშლის შრი-ლანკას 51 მლრდ დოლარიანი საგარეო ვალიც.

კოკა კვირკველია