რა ღირს დასვენება ზაფხულში საქართველოს მთიან კურორტებზე

ზაფხული დადგა და შესაბამისად, საქართველოში შვებულებების სეზონიც მოახლოვდა. დამსვენებლები აქტიურად არჩევენ სასურველ მიმართულებებს. მათ, ვისაც ზღვა არ უყვარს, საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ - საქართველოში ბევრი მაღალმთიანი კურორტია, ყველგან სხვადასხვა პირობებითა და მდგომარეობით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მზად არის მაღალმთიანი რეგიონები ტურისტული სეზონისთვის, მოიმატა თუ არა დასვენების ფასებმა, შეიმჩნევა თუ არა ტურისტების სიმრავლე და რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს ჯავშნები ქართულ სასტუმროებში.

ბაკურიანი

ბაკურიანის სასტუმროების ნაწილის განცხადებით, დამსვენებლებისთვის ფასები არ მომატებულა და მათ ძველი ღირებულებით შეუძლიათ დასვენება. საშუალოდ, ერთი დღე-ღამის ფასი აქ 60-70 ლარიდან იწყება და სხვადასხვა სახის მომსახურებებს მოიცავს. რაც შეეხება ჯავშნებს, როგორც ჩანს, ბაკურიანი არაბ ტურისტებს იზიდავს, რადგან ჯავშნები სწორედ ამ ქვეყნიდან ჭარბობს.

l1-1654930044.jpg

გუდაური

2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის გუდაურში დასვენება 10-15%-ით გაძვირდა. სასტუმროებში ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტები აქტიურად ჯერ არ არიან. რაც შეეხება ჯავშნებს, დიდი ნაწილი უქმდება, ხოლო ვიზიტორების უმეტესი ნაწილი პოლონეთიდან არიან.

სვანეთი

რაც შეეხება სვანეთს, ფასებმა აქაც მოიმატა, საშუალოდ 20%-ით. სვანეთის მოყვარულებს დასვენება დაახლოებით 100-120 ლარი დაუჯდებათ, სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით.

აქ აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდთან შედარებით წელს ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ჯავშნების დიდი ნაწილი ევროპიდან არის, ხოლო ივლისიდან ოქტომბრამდე კი ებრაელები ჭარბობენ.

182710267-4019067678158456-2634289311347321815-n-1654929813.jpg

რაჭა

რაჭის სასტუმროების მფლობელთა თქმით, ფასებმა აქ უმნიშვნელოდ, 5-10%-ით მოიმატა, ნაწილი კი აცხადებს, რომ დასვენების ღირებულება იგივეა, რაც შარშან იყო. რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ჯერჯერობით, დიდად არ მომატებულა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რაჭა განსაკუთრებით პოლონელებს და გერმანელებს უყვართ.

რაც შეეხება ჯავშნებს, მათი რაოდენობა მცირეა საზღვარგარეთიდან და ჭარბობს ქართველების მიერ გაკეთებული ჯავშნები.

ეკა დარჩიაშვილი