ცნობილია, სანქციების შემდეგ, რა ავტომობილები შეაქვთ რუსეთში და სად ყიდულობენ მეორად ავტომობილებს

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული არაპროვოცირებული ომის შემდეგ, როგორც ცნობილია, დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. სანქციები შეეხო საავტომობილო ინდუსტრიასაც, რამაც ამ ქვეყნიდან არა მხოლოდ კომპანიების ქარხნების დახურვა და ქვეყნის დატოვება გამოიწვია, არამედ მათმა უმეტესობამ გაყიდვებიც კი შეწყვიტა რუსეთის ტერიტორიაზე.

შედეგად, ქვეყანაში დასავლურ ახალ ავტომობილებზე დეფიციტია, თუმცა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ჩინური ავტომობილები, რომელთა წარმოება ხდება ჩინეთში, რუსეთსა და ბელორუსში.

ასე მაგალითად, ტულაში აწყობენ Haval-ს, ბელარუსში კი Geely და Chery-ის ავტომობილებს. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, დილერებთან მცირე რაოდენობით არის დარჩენილი Skoda, Nissan და Kia-ს მოდელები. ავტოსალონების წარმომადგენლები კი იძულებული არიან ახალი ავტომობილები მეზობელი ქვეყნების სადილეროებში შეიძინონ, მათ შორის ყაზახეთში, სომხეთსა და საქართველოში.

რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, რუსული სერვისის “ავიტო ავტოს“ სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც გაარკვიეს, რომ რუსეთში ბოლო ორ თვეში, საზღვარგარეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილების გაყიდვების განცხადებებმა 43,5%-ით იმატა 2021 წელთან შედარებით. გარდა ამისა, 93,3%-ით გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ მოდელებზე. მყიდველებს არ აკავებთ არც მათი ფასი, რომელიც 72,9%-ით გაიზარდა, არც მათი ექსპლუატაცია, რომელმაც შეიძლება დამატებით პრობლემები წარმოქმნას.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც რუსები მეორად ავტომობილებს ყიდულობენ, ეს არის იაპონია, ხოლო ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა — Honda Freed, Nissan Leaf, Toyota Alphard, Honda Stepwgn, ასევე Toyota Land Cruiser Prado, Honda Fit, Nissan Serena და Toyota Camry.

აპრილის ბოლოს რუსულ ბაზარზე ასევე იმატა ავტომობილებმა ახლო აღმოსავლეთიდან, სპეციალისტების განცხადებით, ეს დამატებით საფრთხეს ქმნის, იმიტომ რომ, ამ ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილები არ ერგებიან რუსეთის მეტეოროლოგიურ პირობებს.

კოკა კვირკველია