ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების აკრძალვას 2035 წლიდან

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ფაქტობრივად, კრძალვას 2035 წლიდან შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებს, რომლებიც მუშაობენ წიაღისეულ საწვავზე და აქვთ ნულზე მაღალი CO2 გამონაბოლქვი.

„ამ დროისთვის ყველა ახალი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ევროკავშირის ბაზარზე უნდა იყოს ნულოვანი ემისიებით“ - წერია რეზოლუციის განმარტებაში.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილმა წინადადებამ ევროპარლამენტში მწვავე დებატები გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი 339-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის მიღებას, 249 იყო წინააღმდეგი, ხოლო 24-მა თავი შეიკავა. რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილების შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს, მცირედი უპირატესობით უარყოფილ იქნა.

კოკა კვირკველია