მსო-ში თვლიან, რომ უკრაინაში ომი მსოფლიო ვაჭრობაში პრობლემებს წარმოშობს

აშშ-მა, ევროკავშირმა და კიდევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 50-მა წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება უკრაინაში ომის გამო და აქედან გამომდინარე საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული სიტუაციის გამო.

დოკუმენტის ხელმომწერების აზრით, ამჟამინდელი სიტუაცია სხვა ყველაფერთან ერთად დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, აწარმოოს ვაჭრობა.

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული უკრაინაში არსებული ნგრევის გამო და მსოფლიო ვაჭრობაში შექმნილი სიტუაციის გამო, კერძოდ, ეს ეხება საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინაში წარმოებული ცალკეული საკვანძო პროდუქციის მიწოდების შეფერხებას, კერძოდ კი მარცვლეულის, მზესუმზირის ზეთის და სხვა პროდუქციის. ასევე შეშფოთებული ვართ უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შესახებ ცნობებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, უკრაინის ვაჭრობის შესაძლებლობის აუცილებლობას და ამისთვის სავაჭრო გზების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი საზღვაო მარშრუტებისა და პორტების თავისუფლად ფუნქციონირების მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე საუბარია სასურსათო კრიზისის შედეგების მნიშვნელობაზე.

„ამ კონტექსტში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას და მისი ექსპორტის ხელშეწყობას. მოვუწოდებთ, მსო-ს წევრებს, მოიქცნენ ანალოგიურად და საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, იღონონ ყველაფერი ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე ვეცდებით, ვიპოვოთ გზები უკრაინის აღდგენის დახმარებაში, როგორც კი ამის საშუალებას გარემოებები მოგვცემს“, - წერია განცხადებაში.

კოკა კვირკველია