დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 25 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2619 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1971 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0648 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა დღეს ინტერვენციის მიზნით 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და საშუალო შეწონილმა კურსმა 2.2630 შეადგინა.

19 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1464 შეადგინა.