ლევან კალანდაძე: ხელისუფლების აქტივობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოგვარდება ლარის კურსის პრობლემები

ხელისუფლების აქტივობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოგვარდება ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როდესაც ლარსა და დოლარს შორის ბალანსი აღდგება და როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება სავალუტო ნაკადების შემოდინება. მისივე თქმით, სწორი ნაბიჯების შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება შესაძლოა დაიწყოს როგორც ორ კვირაში, ისე ორ თვეში. "ამისთვის უნდა მოხდეს 2015 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გრანტების და კრედიტების ფარგლებში სახელმწიფო პროგრამებით ნაკისრი პირველი ტრანშის წამოსვლა ან სხვადასხვა საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბალანსი თუ არ აღდგა ლარსა და დოლარს შორის, მუდმივად იქნება ასეთი პრობლემა. ეროვნულ ბანკს მოუწევს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, რამაც შეიძლება დაიჭიროს ან ვერ დაიჭიროს ლარი. აუცილებელია ქვეყანაში შემოვიდეს სავალუტო ნაკადები. სავალუტო ნაკადები შეიძლება ძალიან ბევრი რამ იყოს. ეს ხელისუფლების აქტივობაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება თუ განცხადებებს გააკეთებს, რომ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დამატებითი ფინანსური რესურსები უნდა მოიძიონ, ეს არასწორი იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის კანონი უკვე დამტკიცებულია ბანკების და კრედიტების სახით და პირველი ტრანშები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წამოვიღოთ. კალანდაძის განცხადებით, ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად და რამდენად შედეგზე ორიენტირებულად ააწყობენ კომუნიკაციას დონორ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება გარე ფაქტორებს, ექსპერტი ამ მხრივ მოვლენების დადებითად განვითარებას არ ელოდება. "სხვა გარე ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ლარის კურსზე, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან რუსეთ-უკრაინის თემა პრობლემად რჩება, თურქეთის მიმართულებით გაუმჯობესებას ნამდვილად არ ველით, აზერბაიჯანში გაუმჯობესების ნაცვლად პირიქით, უფრო დამძიმდა ვითარება და ეს კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ქართულ ლარზე", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების ბრალი არსებულ სიტუაციაში არ არსებობს. "კონკრეტული პოლიტიკოსის, მინისტრის თუ კონკრეტული თანამდებობის ბრალზე საუბარი არასწორია. აქცენტები უნდა გავაკეთოთ სხვანაირად. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია", - აღნიშნა ექსპერტმა.