რამდენს ხარჯავენ ადგილობრივი ვიზიტორები საქართველოში მოგზაურობისას

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 239 600-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 380 100 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 13.3%-ით მეტია 2021 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

„2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 626.7 ათასით განისაზღვრა, რაც 13.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 38 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.6 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 11 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.6 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 331.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 211.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 210 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 14 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 2 პროცენტით და 152.2 ლარს უტოლდება,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი