რუსეთი მილიონერების მასშტაბური ემიგრაციის პირისპირ - ქვეყანა მდიდრებს კარგავს

მილიონერების სია, რომლებიც 2022 წელს რუსეთს დატოვებენ, შესაძლოა, 15 ათასამდე გაიზარდოს (საერთო რაოდენობის დაახლოებით 15%), ვკითხულობთ ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის ანგარიშში, რომელიც დაფუძნებულია New World Wealth-ის მონაცემებზე.

მათი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსეთი გახდება ლიდერი მაღალშემოსავლიანი პირების გადინების მხრივ. კომპანიამ გამოთვალა სხვაობა მილიონერების რაოდენობაში, რომლებიც, სავარაუდოდ, დატოვებენ ქვეყანას და მათ, ვინც მასში გადადის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთი მილიონერების ყველაზე მასშტაბურ ემიგრაციას პირისპირ შეეჯახა“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.

ანალიტიკოსების თქმით, 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე ქვეყანა 5.5 ათასმა მილიონერმა დატოვა. რუსეთში დოლარის მილიონერების საერთო რიცხვი 101 ათასს შეადგენს.

Henley & Partners-ის ვარაუდით, რეკორდული რაოდენობის მილიონერი დატოვებს ასევე უკრაინას. გადინების სხვა ლიდერებს შორის კომპანია ასახელებს:

  • ჩინეთი (ჰონგკონგთან ერთად) – 13 ათასი
  • ინდოეთი - 8 ათასი
  • ბრაზილია - 2.5 ათასი
  • დიდი ბრიტანეთი - 1.5 ათასი

მილიონერების ყველაზე დიდი შედინება მოხდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (4 ათასი), ავსტრალიაში (3.5 ათასი), სინგაპურში (2.8 ათასი), ისრაელში (2.5 ათასი) და შვეიცარიაში (2.2 ათასი).

აპრილში „ფორბსი“ წერდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსი მილიარდერების რაოდენობა 123-დან 88-მდე შემცირდა, მათი მდგომარეობა ერთობლივად კი, 606 მილიარდი დოლარიდან 353 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. უკანასკნელად, მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, მაშინაც უკრაინის კრიზისის ფონზე.

ეკა დარჩიაშვილი