”მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ სავალუტო ინტერვენცია საკმარისი არ არის”

ლართან მიმართებაში აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. ექსპერტებს კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ სავალუტო ინტერვენცია საკმარისი არ არის.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: ”გუშინდელი დღე ლარის კურსთან დაკავშირებით სტაბილურობით არ გამოირჩეოდა. ბლუმბერგზე პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი რყევები იყო - დღის დასაწყისში ვაჭრობა დაიწყო კურსის შემცირებით, შემდეგ დასტაბილურდა, დღის ბოლოს კი მნიშვნელოვნად, 2-ლარიან ნიშნულამდე აიწია. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახა ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ კურსზეც. ის ფაქტორები, რაც განაპირობებს ნეგატიურ ცვლილებასა და ლარის კურსის მერყეობას, არ დაბალანსებულა და საკმაოდ მაღალია ლარის დევალვაციის პროცესის გაღრმავების რისკ ფაქტორი. მოგეხსენებათ, ფინანსები და ეკონომიკა სოციალური მეცნიერების კატეგორიაა და განწყობებს და მოლოდინებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ე.წ. მაღალი კურსიც ნეგატიური მოლოდინით არის განპირობებული”.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა გახდეს: ”ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ სავალუტო ინტერვენცია თვითმიზანი არ უნდა გახდეს, ეს უნდა იყოს შოკის მოხსნასა და აჟიოტაჟის მოხსნაზე ორიენტირებული და უნდა იყოს მიზნობრივი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სავალუტო ინტერვენციები არ არის საკმარისი პირობა ლართან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის მოკლევადიანი, ერთჯერადი ეფექტები, და ერთჯერადი შოკების მოხსნისთვის მიმართული ღონისძიება და თუ აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სავალუტო ნაკადების შემოდინებას საქართველოში, მოკლევადიან პერიოდში ლარის პრობლემის ლოკალიზების კუთხით ეფექტის მიღწევა პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება”.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ დღევანდელ ოფიციალურ კურსთან დაკავშირებით კი ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს:

“ვფიქრობ, დღეს ბაზარზე აჟიოტაჟური სიტუაცია იყო და კურსიც ამან განაპირობა. ასევე, აზერბაიჯანის გადაწყვეტილებამ, რადგან საქართველო ინტეგრირებულია აზერბაიჯანთან. როდის დასტაბილურდება კურსი, ეს გარე მეზობლებზეა დამოკიდებული. კონკრეტული პერიოდის განსაზღვრა რთულია”.

თამარ კორკოტაშვილი