"მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გარკვეულწილად ჩვენზეც აისახება"

ლარის გაუფასურების პარალელურად, დოლართან მიმართებაში რყევას განაგრძობს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტებიც.

მოსკოვის ბირჟაზე დღეს დილით დოლარისა და ევროს ფასი კვლავ დაუბრუნდა 13 თებერვლის მაქსიმუმს.

რუბლთან მიმართებაში დოლარი 2,15 რუბლით გაძვირდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 64,20 რუბლი შეადგინა, ევროს ფასი კი 2,28 რუბლით გაიზარდა და 72,70 რუბლის მიაღწია.

უმნიშვნელოდ გამყარდა უკრაინული გრივნას ფასი, რომელმაც დოლართან მიმართებაში 28,2912 გრივნა შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 6 კაპიკით მეტია.

უკრაინული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში გრივნა 1,8-ჯერ - 12,52 გრივნით გაუფასურდა.

გასული კვირის ბოლოს აზერბაიჯანული მანათი ერთ ღამეში 33,5%-ით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 1,05 მანათი შეადგინა. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დღევანდელი მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 1,0501 მანათია, 1 ევროს ღირებულება კი 1,1906 მანათს შეადგენს.

სომხეთის სავაჭრო ბირჟაზე დღეს დილით 0,02%-ით გაიზარდა დოლარის კურსი სომხურ დრამთან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულებამ 479,63 დრამი შეადგინა, ერთი ევროს ღირებულებამ კი 540,95 დრამს მიაღწია.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ნუცა თოხაძემ აღნიშნა, ბოლო 5 თვის განმავლობაში, 2014 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე დოლართან მიმართებაში თურქული ლირა გაუფასურდა 10.6%-ით, რუსული რუბლი 65.7%-ით, აზერბაიჯანული მანათი 31.9%-ით (თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ვალუტა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც გაუფასურდა), სომხური დრამი 17.7%-ით, ლარი 26.2%-ით და უკრაინული გრინვა კი 106.8%-ით.

"ზოგადად გაცვლითი კურსი ყოველთვის კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. როცა ვალუტა მკვეთრად უფასურდება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკაში პრობლემებია, რაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები ჩვენი მეზობელი ქვეყნებია და მათთან გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ჩვენზეც გარკვეულწილად აისახება. მაგალითად, შემცირებულია რუსეთში და უკრაინაში ექსპორტი და ამ ქვეყნებიდან გზავნილები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ლარის გაუფასურება", - აცხადებს ნუცა თოხაძე.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ დღევანდელ ოფიციალურ კურსთან დაკავშირებით ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე კი აღნიშნავს, რომ ეს გარკვეულწილად აზერბაიჯანის გადაწყვეტილებამ განაპირობა.

"რადგან საქართველო ინტეგრირებულია აზერბაიჯანთან. როდის დასტაბილურდება კურსი, ეს გარე მეზობლებზეა დამოკიდებული. კონკრეტული პერიოდის განსაზღვრა რთულია", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა და დოლარის ოფიციალურმა კურსმა 2,26 ლარი შეადგინა.