Bitcoin-ის ფასი 21 000 დოლარს ჩამოსცდა - რატომ უფასურდებიან კრიპტოვალუტები

კრიპტოვალუტებისთვის 2022 წლის დასაწყისი რთული გამოდგა, თუმცა ბოლო 2 დღე კრიპტოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო.

ბოლო 24 საათში Bitcoin-ის ფასი 21,000 დოლარს ჩამოსცდა, ახლა კი 7%-ითაა გაუფასურებული და 21,000-იან ნიშნულს ოდნავ ზემოთაა.

განაგრძობენ გაუფასურებას სხვა კრიპტო-ვალუტებიც - Ethereum, Bnb, Cardano, Solana და ა.შ. საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ფასი 8%-ით გაუფასურდა და 1,200-ს დოლარს ჩამოსცდა. კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია კი ახლა 1 ტრილიონს ქვემოთაა, მაშინ, როდესაც ნოემბერში 3 ტრილიონს უტოლდებოდა.

ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტების ფასების მსგავსი კლება გლობალურ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება - ინფლაცია რეკორდებს ხსნის, ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან, საცხოვრებელი ხარჯები იზრდება და მსოფლიო რეცესიის მოლოდინშია. ეცემა წამყვანი კომპანიების აქციების ფასებიც.

შედეგად, ინვესტორებს ნაკლები ფული აქვთ დასაბანდებლად და ყიდიან იმგვარ რისკიან და ცვალებად აქტივებს, როგორიც კრიპტოვალუტებია. რაც უფრო ბევრი ყიდის ციფრულ ვალუტას, მით უფრო იკლებს ფასიც, რადგან კრიპტოვალუტის ღირებულება მიბმულია მისი ფლობის სასურველობასთან. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არაა და ბოლო 2 დღის განმავლობაში ციფრული აქტივების ფასზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა.

ორშაბათს კრიპტოსამყაროს უმსხვილესმა სავაჭრო პლატფორმა Binance-მა რამდენიმე საათით შეაჩერა ბიტკოინთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. კრიპტოს გამსესხებელმა Celsius-მაც იგივე გააკეთა, მხოლოდ განსხვავებული მიზეზით.

დამფრთხალმა ინვესტორებმა კრიპტო აქტივების გაყიდვა კიდევ უფრო დააჩქარეს. სამშაბათს სავაჭრო პლატფორმა Coinbase-მა გამოაცხადა, რომ თანამშრომლების შემცირებას 18%-ით აპირებს. პერსონალს ამცირებენ სხვა კომპანიებიც - Gemini, BlockFi და Crypto.com.

ერთი სიტყვით, კრიპტობაზარზე ახლა პანიკაა. ციფრული ვალუტების ენთუზიასტების აზრით, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საჭიროა, რომ ახლანდელმა მფლობელებმა არ გაყიდონ აქტივები, სხვებმა კი კვლავ ყიდვა დაიწყონ, რადგან ახლა ფასები დაბალზეა და შესაძენად საუკეთესო დროა, ეს კი ფასებს კვლავ მაღლა აწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ ადრეც მომხდარა, ახლა ყველაფერი სამომავლო ეკონომიკურ-პოლიტიკურ სცენარებზეა დამოკიდებული.

საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე Bitcoin-ი 55%-ით, Ethereum-ი – 70%-ით, BNB კი 60%-ითაა გაუფასურებული.

კახი ჩაკვეტაძე