რა ღირს დაშბაშის კანიონზე შესვლა

14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა, შესაბამისად, ვიზიტორებისთვის ახალი ლოკაცია ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ ეტაპზე ფინანსური მხარეა - რა ღირს „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება.

3 წლამდე დამთვარიელებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს, ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი - 150 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.

ეკა დარჩიაშვილი