ლატვიაში ბოლო 2 თვეში რუსული სანქციების გვერდის ავლის 400 მცდელობა გამოავლინეს

ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 400 შემთხვევა დაფიქსირდა ლატვიაში იმ ტიპის რუსული და ბელარუსული საქონლის შეტანის, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშაა მოქცეული. ჩამონათვალშია სპირტიანი სასმელები, ბიოლოგიური და საყოფაცხოვრებო საქონელი. ამის შესახებ სააგენტო LETA ლატვიის შემოსავლების სამსახურის უფროს იევე იაუნზემეზე დაყრნდობით წერს.

იუანზემემ განმარტა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთიდან და ბელარუსიდან სანქცირებული საქონლის შეტანას ლატვიაში ცდილობენ გაყალბებული დოკუმენტებით. ამასთან, მათი დადგგენა, თუ ვინ ცდილობდა სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რთულია, ვინაიდან მიწოდების ჯაჭვი საკმაოდ გრძელია.

„სატვირთოს მძღოლმა არ იცის, ექცევა თუ არა სანქციების ქვეშ ის საქონელი, რომელიც მას მოაქვს, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს და მომწოდებელს, რომლებიც როგორც ჩანს, იმედოვნებენ, რომ კონკრეტული ტვირთი საბაჟოზე შეუმჩნეველი გავა“, - განაცხადა მან.

ცნობილია, რომ ამ ტიპის შემთხვევებზე ლატვიის პროკურატურამ 10 საქმეზე უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

კოკა კვირკველია