საგამოძიებო სამსახურმა კომპანია "გალფის" ორი თანამშრომელი დააკავა

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", იგივე "გალფის" კონტროლის განყოფილების ორი თანამშრომელი, ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილია ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების ფაქტები.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა. გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული იქნენ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით",- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.