ლარის კურსთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია იმართება

სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" "თავისუფალი ზონა", რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპროტესტო აქცია მიმართულია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისკენ, რომლებმაც სასტუმროში ბიზნესმენებთან შეხვედრა უნდა გამართონ.

აქციის მონაწილეებს "თბილისი მარიოტის" შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული. მათ ტრანსფარანტები აქვთ წარწერებით: "NOლარ ხადური", "რიგითი ლარიანის გადასარჩენად", შეწყდეს ლარის კუპონიზაცია, გადადგეს უუნარო მთავრობა. მათ ასევე აქვთ ტრანსფარანტი, სადაც ერთლარიან კუპიურაზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი და წერია - "მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი".

"მოვითხოვთ ამ მინისტრებისა და მთლიანი მთავრობის გადადგომას. ამ მთავრობის უუნარობისა და უგუნურობის გამო შეიქმნა საქართველოში მწვავე ეკონომიკური კრიზისი და ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას ეკისრება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.