ალიევი: აზერბაიჯანმა ცალკეული ევროპული ქვეყნებისგან გაზის მიწოდებაზე მიმართვა მიიღო

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მეცხრე გლობალურ ფორმუზე „გლობალური წყობილების საფრთხეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო თვების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მომართვა რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, რაც დაკავშირებულია გაზის მიწოდებასთან და ჩვენ უნდა მოვინდომოთ, რომ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები“, - განაცხადა ალიევმა, ისე რომ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ასე მარტივი არ არის.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ გაზის მოპოვება. ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირთან ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - დასძინა მან.

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში ენერგორესურსების მოთხოვნაზე სიტუაციის ძირეული ცვლილება აზერბაიჯანის ენერგორესურსების მიმართ ინტერესს ზრდის.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო გაზის მიწოდება ევროპის კონტინენტისთვის გაზსადენ „ტაპ“-ის მეშვეობით, რომელიც გახლავთ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი ნაწილი. მიწოდება გათვლილია 25 წელზე და ითვალისწინებს წლიურად 10 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირის ევროპის ბაზრისთვის მიწოდებას, საიდანაც 8 მლრდ მოდის იტალიაზე, 1 მლრდ საბერძნეთზე და ბულგარეთზე. 878 კმ-იანი „ტაპ“-ის გამტარუნარიანობა შეადგენს 10 მლრდ. კუბ.მ-ს წლიურად. იგემება ამ მაჩვენებლის გაორმაგება.

გაზის სამხრეთის დერეფნის სიგრძე კი 3,5 ათასი კმ-ია, ის იწყება ბაქოდან და საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიის სამხრეთში მთავრდება. ეს სისტემა თავის თავში ასევე მოიცავს სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლური გაზსადენებს. მისი გამტარუნარიანობა 16 მლრდ.კუბ.მ-ია. მისთვის ნედლეულის წყაროა შაჰ-დენიზის საბადო, რომლის მარაგები შეფასებულია 1,2 ტრლნ კუბ/მ-ად.

გასულ წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 22 მლრდ კუბ.მ ბუნებრივი აირი, წელს კი 24 მლრდ. კუბ.მ.-ის ექსპორტირებას აპირებს.

კოკა კვირკველია