ძირითადი ქვეყნები, სადაც ქართველები მიდიან სამოგზაუროდ

სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები მნიშვნელოვნად აღდგა და 2022 წლის 1-ელ კვარტალში პანდემიამდელი რაოდენობის თითქმის ნახევარს მიაღწია (55%-ით ნაკლები 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა.

ამასთან, კვლევის ავტორთა ცნობით, ვიზიტორთათვის ძირითადი დანიშნულების ქვეყანა იყო თურქეთი, რასაც მოსდევდა რუსეთი, სომხეთი და ევროკავშირის ქვეყნები.

„ვიზიტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნები პანდემიამდელი მონაცემების მსგავსი აღმოჩნდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (46%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (12%), სომხეთი (12%) და ევროკავშირი (12%). 2022 წლის 1-ელ კვარტალში, აზერბაიჯანში ვიზიტების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა (1% შეადგინა, როცა 2019 წლის I კვ.-ში 23% იყო), რაც აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების შენარჩუნებით აიხსნება,“- ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთან, PMCG-ს კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ გასული ქართველი ვიზიტორების ხარჯმა 285 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 14%-ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

თაია არდოტელი