„იმედია ამჯერად, „მაიმუნის ყვავილი“ არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში“ - გაძვირდა თუ არა გასართობი ცენტრების მომსახურება

„პოსტპანდემიურ პერიოდში გასართობ ცენტრებში მოთხოვნა მზარდია, მომართვიანობა მომატებულია და შესაბამისად, სრულად მობილიზებული ვართ სამუშაოდ. ბაზარი გაიზარდა, რაც ძალიან კარგია, რადგან რთული 2 წელი გადავიარეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიამდე, წელიწადში, საშუალოდ 40-დან 70-მდე ცენტრი იხსნებოდა, ახლა კი, როდესაც ფაქტობრივად, პანდემიის დასასრულად ბოლო სამი თვე შეგიძლია ვივარაუდოთ, ამ სამ თვეში 2-3 ახალი ცენტრია დარეგისტრირებული. „ბუნებრივია, როდესაც საქმე ფინანსებშია, იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ ბევრს უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება და ფულის ამ ბიზნესში ჩადება. არავინ იცის, რა იქნება ხვალ“.

ბოლო თვეებში, გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გაიზარდა ფასებიც, რაც გარდაუვალი იყო. მთიულიშვილის თქმით, 20-25%-ით არის მომატებული გასართობი ცენტრების მომსახურების საფასური, თუმცა ფასი უმეტეს შემთხვევაში მომსახურების ადექვატურია: „რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც ცენტრში დაბალი ხარისხია, ეს იმ შემთხვევას ჰგავს, ხანდახან რესტორანში საუკეთესო მომსახურება რომ ვერ მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად არის ნეგატიური შემთხვევები და უმეტეს წილად მშობლებისც და ბავშვებიც კმაყოფილები ბრუნდებიან შინ“.

გიორგი მთიულიშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებები ასოციაციამ მიიღო: „კონკრეტულად, ერთი იყო საბანკო მიმართულებით, პროცენტის კუთხით. უხეშად რომ ვთქვათ, თუ გადასახდელი გვქონდა პროცენტი 1 ლარი, სახელმწიფომ გადაგვიხადა 30 თეთრი. თუმცა 2 წლიანმა ჩაკეტვამ ბოლომდე ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარა.

მეორე იყო საიჯარო მიმართულება, ამ მხრივაც გვქონდა პრობლემები, მაგრამ სახელმწიფოს წილი ამ დახმარებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია განვითარდებოდა.

რაც ნამდვილად გაკეთდა, იყო საგადასახადო კუთხით - მოხდა დროებით გადასახადების შეჩერება“.

გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, რისი წინაპირობაც სასწავლო პროცესის, სკოლებისა და ბაღების დასრულებაა, შესაბამისად, ბევრი ცენტრი ზაფხულში აჩერებს საქმიანობას. „მომავლის იმედით ვართ, იმედია ამჯერად, „მაიმუნის ყვავილი“ არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში, საკმარისი მიზეზი გვაქვს, ამისი გვეშინოდეს“.

ეკა დარჩიაშვილი