სოსო ფხაკაძე: ლარის დევალვაცია საბოლოო ჯამში ბუნებრივია, საწვავის ფასებზე აისახება

ლარის დევალვაცია საბოლოო ჯამში საწვავის ფასებზე, ბუნებრივია, აისახება, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, ლარის კურსის დაცემა ყველასთვის ერთნაირი სატკივარია როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის.  "დღეს გვექნება ძალიან ღია საუბარი ხელისუფლებასთან. მე ვფიქრობ, რაღაც ერთობლივი ძალისხმევით ამ სიტუაციაში რაღაც გამოსავალს მოვძებნით. სხა გზას მე ვერ ვხედავ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა საწვავის ფასზე გაუფასურებული ლარი, მან აღნიშნა, რომ დევალვაციის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია ეს ფასებზეც აისახება. მისივე თქმით, დღეს სწორედ ამაზე ძალიან ღია, პროფესიული დისკუსიები იქნება. "დარწმუნებული ვარ, რაღაც გამოსავალს ერთობლივად ვიპოვით. ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ ინვესტიციები ერთ-ერთი გამოსავალია, ოღონდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ჩვენ გვაქვს რაღაც პროექტები და ვაპირებთ ამ თვეებში რაღაც ინვესტიციების განხორციელებას და ამასაც გავაჟღერებთ აუცილებლად", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.