უამინდობა საქართველოში მოცვის მოსავალს აზიანებს

გადაუღებელი წვიმის გამო, სამეგრელოში მოცვის პლანტაციები დაიტბორა. ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მოსავლის მოკრეფა ამ დღეებში განახლდა ნაკლებად დაზარალებულ ბაღებში, თუმცა ხანმოკლე წვიმამ აიძულათ, კრეფა შეეწყვიტათ.

სამეგრელოს რეგიონიდან მოცვის მწარმოებელმა ზაზა ქარდავამ EastFruit-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი პლანტაციები გუშინდელმა წვიმამ ნაკლებად დააზარალა, თუმცა კრეფის პროცესი მაინც შეფერხებულია.

„დღეს დაახლოებით სამოცამდე ადამიანი მყავს დაქირავებული მოცვის ხელით დასაკრეფად. დილიდან დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ მალევე მოგვიწია შეწყვეტა, რადგან ისევ წვიმა დაიწყო. კვლავ ვგეგმავთ შეგროვების განახლებას დღის მეორე ნახევარში, როცა წვიმა არ იქნება“, - განაცხადა ფერმერმა.

ადგილობრივი შემსყიდველები კი აცხადებენ, რომ სველი მოცვის ყიდვას არ აპირებენ, რადგან ის დიდხანს არ ძლებს და დაობების მაღალი რისკია.

პარალელურად, მოცვზე ფასები იზრდება, ფერმერების თქმით, ახლა ექსპორტიორები კილოგრამზე 8 დოლარს იხდიან.

ეკა დარჩიაშვილი