Eni - იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე, თუმცა ენერგეტიკული შეზღუდვებით გადაიტანს

თუ მიწოდება შეწყდება, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს ხელმძღვანელმა, კლაუდიო დესკალციმ გაზეთ La Repubblica-ს მიერ ბოლონიაში ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

კერძოდ, დესკალცი ამბობს, რომ თუ რუსეთი ახლავე შეწყვეტს გაზის მიწოდებას, იტალია ამჟამად შეაძლოა, მზად არ იყოს, თუმცა 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის მოემზადებოდა. მისი თქმით, იტალიურმა მხარემ უნდა დაასრულოს ყველა ის შეთანხმება, რომელიც ბოლო ოთხიდან ხუთ თვეში დაიდო. ის აანონსებს, რომ იტალიამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ენერგეტიკული შეზღუდვები გამოაცხადოს.

Eni-ს ხელმძღვანელის მონაცემებით, ამჟამად იტალიის გაზის მარაგი 54%-ით არის შევსებული, ხოლო ოქტომბრისთვის საჭიროა, საცავი 70-80%-ით შეივსოს. დესკალცი ვარაუდობს, რომ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომები მომავალი ზამთრის გადატანას შესაძლებელს გახდის. მისი თქმით, ცივ ზამთარში პიკურმა დატვირთვამ დღეში 400 მილიონ კუბურ მეტრსაც შეიძლება, მიაღწიოს.

15 ივნისს Eni-მ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შემცირდა და კომპანიამ „გაზპრომისგან“ დღიური 63 მილიონი კუბური მეტრიდან მხოლოდ ნახევარი მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგიმ მოსკოვი თავისი მარაგების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ Nord Stream-ით გაზის მიწოდებას ევროპის ქვეყნებისთვის დაგეგმილი 167 მილიონი კუბური მეტრიდან დღეში 100 მილიონ კუბურ მეტრამდე ამცირებს. კომპანიამ ეს იმით ახსნა, რომ გერმანულმა კონცერნმა, Siemens Energy-მ გადადო იმ ტექნიკის დაბრუნება, რომელიც კანადაში ტექნიკური მომსახურებისთვის იყო გაგზავნილი. Siemens-მა შეფერხება რუსეთის წინააღმდეგ კანადის მიერ დაწესებული სანქციებით ახსნა.

მაისის შუა რიცხვებში Eni-მ „გაზპრომბანკში“ ანგარიშები გაზის გადახდის ახალი სისტემისთვის გახსნა. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართალია, „გაზპრომმა“ ხელშეკრულება რუბლებში გადახდის გამო ცალმხრივად შეცვალა, მაგრამ მათ ასეთი გადაწყვეტილება არსებული რუსკების საფუძველზე მიიღეს.

თუმცა მარტში კლაუდიო დესკალცი აცხადებდა, რომ Eni რუსული გაზის მიწოდების საფასურს რუბლებში არ გადაიხდიდა, რადგან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

„რუსეთმა გვთხოვა, გაზის გადასახადი რუბლებში გადავიხადოთ. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან რუბლი არ გვაქვს და ეს არც არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რომელშიც ანგარიშსწორება ევროში არის მითითებული,“ - აცხადებდა Eni-ს ხელმძღვანელი, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი შეთანხმების გარეშე ხელშეკრულების პირობებს ვერ შეცვლიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ