თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიას ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია

2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიას ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჩახავამ განაცხადა.

რევაზ ჩახავას თქმით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიას არც ახალი და არც ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეუძენია. მათ შორის არც გამგეობებისათვის. "ადრე შეძენილი 200-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაგვხვდა და უახლოეს პერიოდში მერია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა საშუალებების შეძენას არ აპირებს", - აღნიშნა რევაზ ჩახავამ.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა კომენტარი გააკეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 10 სახელმწიფო უწყების მიერ 2012-2015 წლებში ტენდერების თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა და ამისათვის 147 მილიონი ლარი დაიხარჯა. კვლევაში მოხსენიებული არის თბილისი მერია და "თბილსერვისი". 2013 წელს "თბილსერვისის" მიერ შეძენილია 3 400 000-ზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება. თბილისის მერიის მიერ კი 4,400 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება.