საპარტნიორო ფონდი სოფლის მეურნეობის სფეროში ახალ პროექტს იწყებს

საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს "ვანრიკ აგროსთან" (VANRIK AGRO) ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და ლურჯი მოცვის მოყვანა და გადამუშავება ოფიციალურად დაიწყო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით,  პროექტი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში განხორციელდება. "ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას ვუწყობთ ხელს", - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

პროექტი მიზნად ისახავს 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება მოხდება. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, პროექტი 400 ადგილობრივს დაასაქმებს, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელი იქნება. მსოფლიოში ლურჯი მოცვის მოხმარების მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია პროდუქციის 90%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდი ქართული პროდუქტის ექსპორტის წახალისებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.

პროექტს მხარდაჭერას "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" (GIZ) და "ხალიკ ბანკი" გაუწევს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,7 მილიონი აშშ დოლარია.