სანქცირებული VTB საქართველოს ტოვებს - „ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა“

სანქცირებული რუსული ბანკი, VTB საქართველოდან გადის. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა განუცხადა.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ბანკის ფილალებს დსთ-სა და აზიის ქვეყნებში, კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში „ცოტა სხვა ვითარებაა.“

„ერთი შემთხვევის გარდა, შვილობილ ბანკებს არსად არ ვყიდით. პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ყველგან დავრჩეთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა,“ - აცხადებს ანდრეი კოსტინი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მისი თქმით, VTB ბანკი რჩება აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც ეროვნულ და ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედებას ხელს შეუწყობს.

„ამ ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის პერსპექტივას ვხედავთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტით განხორციელებული ანგარიშსწორებისთვის ძირითადი ბანკი ვიყოთ,“ - აცხადებს კოსტინი.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა "ვითიბი ბანკიც“. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვითიბის“ (ასევე მთლიანად საფინანსო სექტორს) სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება მისცა. მალევე ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა. როგორც მაშინ სებ-ში აცხადებდნენ, “ვითიბი ბანკ საქართველოსა” და სს “ლიბერთი ბანკს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს “ლიბერთი ბანკში” გადავა“.

ამასთან, „ბაზისბანკმა“ გადაიბარა „ვითიბის“ საცალო ბიზნესის სრული პაკეტი (სესხებიც და დეპოზიტებიც) და ასევე ბიზნესის პაკეტის ნაწილი (როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების).

მიმართა თუ არა უკვე VTB-მ საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ პასუხს სებ-სგან ელოდება და ინფორმაციას მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ