„ჯერ კიდევ მოსალოდნელია ფასის რყევა“ - არის თუ არა ახლა კარგი დრო ბიტკოინში ინვესტირებისთვის

მართალია, ბოლო დღეებში ბიტკოინის 17,000 დოლარამდე შემცირებული ფასი ახლა 21,000 დოლარს უახლოვდება, თუმცა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტამ რეკორდულ 69,000 დოლარს მიაღწია, თითქმის 70%-ითაა გაუფასურებული.

მკვეთრადაა შემცირებული სხვა ისეთი პოპულარული კრიპტოების ფასებიც, როგორებიცაა: Ethereum, BNB, Cardano, Solana და სხვა.

გაუფასურებას ბევრი მიზეზი აქვს, იქნება ეს ინფლაციის მაღალი დონე და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რეგულაციების შიში, ომი თუ სხვა. საქმე იმაშია, რომ ბაზარზე პანიკაა და მფლობელები აქტივებს ყიდიან, ეს კი ბიტკოინის ფასს ამცირებს.

„ბიზნესპერსნიუსთან“ საუბრისას ფასის რყევას სწორედ ბაზარზე შექმნილ პანიკას უკავშირებს ალექს სუდაძე, კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტი. მისი თქმით, როდესაც ფასი 21,000 დოლარს ჩამოსცდა, ისეთ მყიდველებში, რომლებიც ნაკლებად ინფორმირებულები არიან, დაიწყო პანიკა. ამგვარმა მფლობელებმა სწრაფად მოიშორეს კრიპტოაქტივები იმის შიშით, რომ საერთოდ არ გაუფასურებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ასეთი ბევრია, მათ გადაწყვეტილებას ფასებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებაც აქვს.

„ფასის კლებაზე გავლენა აქვს ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებსაც. რუსეთ-უკრაინის ომი კი კრიპტოვალუტის ფასის შემცირებაზე მოქმედებს, რადგან ციფრული ფული რადიკალურად შეზღუდეს რუსეთში, რომელიც უდიდესი ბაზარი იყო. ერთ-ერთი დიდი ბაზარი იყო უკრაინაც, სადაც ახლა სერიოზული პრობლემებია კრიპტოვალუტის შესყიდვა-გაყიდვასთან და ფლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ორი დიდი ბაზრის შეჩერება მიუთითებს იმაზე, რომ ფასის ზრდა მოხდება ძალიან ნელა“, - ვარაუდობს სუდაძე.

ბიტკოინის ისტორიაში მსგავსი გაუფასურებები ხშირად ყოფილა, თუმცა აქამდე ის ყოველთვის ახერხებდა უკან დაბრუნებას. სწორედ ამიტომ, ახლა ბევრი ფიქრობს, შეიძინოს მკვეთრად გაიაფებული კირპტოვალუტა და დაელოდოს ფასის ზრდას მოგების მისაღებად.

ამგვარი პრაქტიკა ეფუძნება მოლოდინებს, რომ ფასის შემცირება მხოლოდ დროებითია და მათი კორექტირება მომავალში მოხდება. თუმცა, ინვესტორებს უნდა ესმოდეთ, რომ კრიპტოების ფასი სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მეტად სენსიტიურია და მათი ფლობა, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, რისკის შემცველია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასს გარკვეულწილად სეზონურობა ახასიათებს - ხშირად მცირდება გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში ზრდას იწყებს, გამომდინარე კრიპტობაზრების მერყევი ხასიათიდან, მისი ზრდის გარანტია არ არსებობს. შეიძლება ბიტკოინი გაძვირდეს და ინვესტორებმა იხეირონ, მაგრამ ასევე შეიძლება ფასი კიდევ უფრო მკვეთრად დაეცეს და ინვესტიციაც წყალში ჩაიყაროს.

ამიტომაც ექსპერტების უმთავრესი რჩევაა, რომ თუ ინვესტიციას აპირებთ, ამისთვის გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვისთვისაც მზად იქნებით. ეს შეიძლება იყოს თქვენი პორტფოლიოს 5%. მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით და გააკეთოთ გათვლა გრძელვადიან პერიოდზე პასიური ინვესტირების გზით.

„ვისაც იაფად სურს ყიდვა, სასურველია, გამოყონ გარკვეული თანხა, რომლითაც კრიპტოს ყოველთვიურად შეიძენენ და არ იღელვებენ, თუ რა მოუვა მათ ფასებს გრძელ ვადაში, მაგალითად, 2-წლიან პერსპექტივაში“, - უებნება Forbes-ს ოლეგ გიბერშტაინი, სავაჭრო პლატფორმა Coinrule-ს დამფუძნებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ თქვენი კრიპტო საფულე იყოს დივერსიფიცირებული და შეიძინოთ რამდენიმე ტიპის ალტკოინი, რათა უფრო მეტად დაზღვეულები იყოთ.

„დააკვირდით ივნისის ბოლოს და თუ ივლისის პირველ რიცხვებში ზრდა დაიწყო, მაშინ ჩემი რჩევაა, რომ შეიძინოთ ოდნავ ძვირად, სამაგიეროდ, კი მიხვდებით, რომ ზრდისკენაა საქმე და ე.წ. ბლეფში არ არის ბიტკოინის ფასი. იმის თქმა, რომ ახლა გაიაფებულია და მიდით და იყიდეთ, ცოტა თამამი განაცხადი იქნება. ჯერ კიდევ მოსალოდნელია ფასის რყევა“, - ამბობს სუდაძე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო, ამჯერად ეს ბევრად უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე წინა წლებში. ასევე მოელიან, რომ ბიტკოინი მოკლევადიან პერიოდში კვლავ მერყევი იქნება და ფასის ზრდისთვის საჭიროა, შეწყდეს ნეგატიური ახალი ამბები.

გარდა ამისა, ბევრი რამეა დამოკიდებული ომის სცენარსა და ცენტრალური ბანკების სამომავლო მონეტარულ პოლიტიკაზეც. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდით, 900 მილიონამდეა შემცირებული, დიდ მოთამაშეებს, კომპანიებსა თუ ცნობილ პირებს საინფორმაციო ფონის შეცვლით კრიპტოს წახალისება თავისუფლად შეუძლიათ.

კახი ჩაკვეტაძე