WSJ: ბაიდენს საწვავზე გადასახადის დროებით გაუქმება სურს

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სურს, დროებით გააუქმოს საწვავის ფედერალური გადასახადი ქვეყანაში ფასების რეკორდული ზრდის ფონზე. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, ამერიკის ლიდერი აღნიშნულ საკითხს მის მრჩევლებთან განიხილავს და ფიქრობს, ეს ზომა ამოქმედდეს რამდენიმე თვე. გრაფიკის მიხედვით, ბაიდენი დღეს სიტყვით გამოვა და საწვავის შესახებაც ისაუბრებს. ამის შემდეგ გადაწყვეტილება თითო გალონიდან 18,4 ცენტრის სააქციზო მოსაკრებლის დროებით გაუქმების შესახებ ინიციტივა გადაინაცვლებს კონგრესში.

გაზეთი წერს, რომ ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი „მეტწილად სიმბოლური“ იქნება. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც აქციზის დროებით გაუქმებას სკეპტიკურად უყურებენ, ვინაიდან არ არის მყარი მტკიცებულება, რომ ეს ფასებს დაარეგულირებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ში საწვავზე ფასების მატება მაისში დაიწყო, ეს კი ხდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, მიუხედავად თეთრი სახლის მცდელობისა, წინ აღდგომოდა ამ პროცესს. ამ დროისთვის შტატებში Regular მარკის ბენზინის ფასი ერთ გალონზე 4,9 დოლარია, მაშინ, როცა ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ კვირას, 2021 წლის იანვარში მისი ფასი 2,3 დოლარი იყო.

კოკა კვირკველია