ევროპული სანქციების შემდგომი სამიზნე შესაძლოა, რუსული ოქრო გახდეს

ოქრო შეიძლება გახდეს ევროკავშირის სანქციების ახალი სამიზნე - ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულის შესახებ მსჯელობა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

როგორც სააგენტო წერს, სკანდინავიის ქვეყნებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი წარადგინეს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და ბელგიას, სურთ მეტი კონცენტრირება უკვე არსებულ სანქციებზე,.

Reuters-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ჯერ არ მუშავდება, მუშაობა სექტორების განსაზღვრაზე, რომელიც შეიძლება მოექცეს ამ პაკეტში, უკვე აქტიურად მიმდინარეობს. რუსული ოქროს დასანქცირების მომხრეა ასევე დანიაც.

ამასთან, ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა საუბარი რუსული ოქროს ექსპორტის აკრძალვაზე თუ იმპორტის. სააგენტოს მასალები ასევე არ ცხადყოფს იმას, არის თუ არა საუბარი რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვებზე ან ზოგადად რუსეთში მოპოვებულ ოქროზე.

ცნობისთვის რუსეთმა 2021 წელს 302 ტონა ოქროს გაიტანა ექსპორტზე, რაც 17,4 მლრდ დოლარის ღირებულებისაა, ხოლო 19 მლნ დოლარის ღირებულების 1 ტონა სიმბოლურად შევიდა ქვეყანაში.

ამასთან, ექსპორტირებული ოქროს ლომის წილი მოდის დიდ ბრიტანეთზე, სადაც გატანილია 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების 266 ტონა ოქრო. სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ძვირფასი მეტალების დამუშავება და დასაწყობება. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანა 738 მლნ დოლარის ღირებულების 13 ტონა ოქრო. რუსი ოქროს მომპოვებლები ოქროს ტრადიციულად კომერციულ ბანკებზე ყიდიან, ისინი შემდეგომ მას ექსპორტზე უშვებენ. მას შემდეგ, რაც მსხვილი რუსული ბანკები დასავლური სანქციების ქვეშ მოყვნენ, ოქროს მომპოვებელმა კომპანიებმა უცხოურ ბაზრებზე პირდაპირი გასვლა დაიწყეს. მათ შორის, პოტენციურ ბაზრად სახელდებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

კოკა კვირკველია