რა ფასებია საქართველოს სასტუმროებში

2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 255 ლარი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი მაისში 468 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 581 ლარი შეადგინა, თბილისში - 558, გურიაში - 474, ხოლო აჭარაში - 457 ლარი.

„საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მაისში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით გაიზარდა.

2022 წლის მაისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 13.5%-ით გაიზარდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი