Credit Suisse-ის საქმეში ბიძინა ივანიშვილის ზარალი გაიზარდა

Bloomberg-ის ცნობით, Credit Suisse-ის საქმეში საქართველეოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ზარალმა, ახალი შეფასებით, 10%-ით მოიმატა და მარტის მაჩვენებელ 553 მლნ დოლარიდან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზარალის ახალი ოდენობა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ გუშინ გამართულ მოსმენაზე დასახელდა. მან მარტში სასამართლო საქმის ორივე მხარის ბუღალტრებს დაავალა, ბიძინა ივანიშვილის ზარალი ზუსტად შეეფასებინათ, მანამდე კი მოსამართლეს ეს ზარალი 553 მლნ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის წამყვან ბანკ Credit Suisse-ს ფილიალს ყოფილი ბანკირის თაღლითობის სქემის გამო უჩივის.

სააგენტო წერს, რომ მარტის სხდომაზე მოსამართლემ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის ბერმუდის განყოფილება, Credit Suisse Life გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფილიალმა თაღლით პატრის ლესკოდრონის დანაშაულზე „თვალი დახუჭა.“ თავად ბანკი ამტკიცებს, რომ ფრანგი თანამშრომელი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, „მარტოხელა მგლის“ პრინციპით მოქმედებდა და თავის თაღლითურ საქმიანობას მალავდა.

Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ მოსმენა იმით გახსნა, რომ ის ნარინდერ ჰარგუნის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდა. მან 607 მლნ დოლარის ზარალის შესწორებული მაჩვენებელი აღიარა. თუმცა ამის სანაცვლოდ ადვოკატი კომპენსაციის გაცემის ფარგლების შემცირებას ცდილობდა.

მოსმენის ბოლოს მოსამართლე ჰარგუნმა განაცხადა, რომ ბუღალტრების მიერ შეთანხმებულ 607 მლნ დოლარის ოდენობამდე ზარალის გაზრდისა და სხვადასხვა არგუმენტებით დამდგარ CS Life Bermuda-ს პასუხისმგებლობაზე თავის გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ