ირაკლი კობახიძე - ადვოკატიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთგვარი დე-ფაქტო სანქციები მოქმედებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთგვარი დე-ფაქტო სანქციები მოქმედებს, რაც შვეიცარიულ საბანკო სისტემას ანგრევს.

მან სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, რომლის თანახმად, Credit Suisse-ის საქმეში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ზარალმა, ახალი შეფასებით, 10%-ით მოიმატა და მარტის მაჩვენებელ - 553 მლნ დოლარიდან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

კობახიძის თქმით, საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან.

„რაც შეეხება ფინანსურ დავას, დაახლოებით 700 მილიონი მოიპარეს. როგორც მახსოვს, „კრედიტ სუისმა“ გააკეთა ეს, რითაც დააზიანა არა მარტო ბანკის, არამედ შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია. წაგებული აქვთ ერთი დავა ბერმუდზე და როგორც ვიცი, მეორე დავა სინგაპურში მიმდინარეობს. ნახევარი უკვე აქვს თავისი ჯარიმებით დაკისრებული და მეორე ნახევარი არის მიმდინარე დავა. ეს არის მიმდინარე პროცესი. ის, რომ გადარიცხვები არის შეფერხებული, ყოველგვარი არგუმენტისა და საბუთის გარეშე, ეს იმაზე მეტყველებს, რაზეც თავად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს. მან ისაუბრა იმაზე, რომ ერთგვარი დე-ფაქტო სანქციები მოქმედებს, რაც შვეიცარიულ საბანკო სისტემას ანგრევს. ეს არის ამ კუთხით ძალიან საინტერესო. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, Bloomberg-ის ცნობით, Credit Suisse-ის საქმეში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ზარალმა, ახალი შეფასებით, 10%-ით მოიმატა და მარტის მაჩვენებელ 553 მლნ დოლარიდან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სააგენტოს თანახმად, ზარალის ახალი ოდენობა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ გუშინ გამართულ მოსმენაზე დასახელდა. Bloomberg-ის ცნობით, მან მარტში სასამართლო საქმის ორივე მხარის ბუღალტრებს დაავალა, ბიძინა ივანიშვილის ზარალი ზუსტად შეეფასებინათ, მანამდე კი მოსამართლეს ეს ზარალი 553 მლნ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის წამყვან ბანკ Credit Suisse-ს ფილიალს ყოფილი ბანკირის თაღლითობის სქემის გამო უჩივის.