გრიგოლ ლილუაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC)“ დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სევერინ შაპაზმა, რომელმაც საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობა დაასრულა, შეხვედრაზე თავისი შემცვლელი ანნ მონტავონი წარადგინა.

მხარეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა ხაზგასმით აღინიშნა.

„საუბარი, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიცირების საკითხებში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას შეეხო და ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობა განსაკუთრებით აღინიშნა.

შეხვედრისას გრიგოლ ლილუაშვილმა მნიშვნელოვანი ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დაუთმო და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.