რუსეთი და თურქეთი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები უკრაინის პორტებიდან გემების უსაფრთხო გასვლისა და მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„21 ივნისს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციებს შორის. მხარეებმა განიხილეს უკრაინის პორტებიდან თურქული სავაჭრო გემების უსაფრთხო გასვლისა და მარცვლეულის ექსპორტის საკითხები. ასევე, უსაფრთხო ნაოსნობა შავი ზღვის წყლებში“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამაც საშუალება მისცა თურქულ სატვირთო გემ Azov Concord-ს დაეტოვებინა მარიუპოლის პორტი. „მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება კონსულტაციების გაგრძელების შესახებ“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.