WSJ - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის კომპენსაციიდან შესაძლოა, ვერაფერი მიიღოს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის საქმიდან კომპენსაციის სახით შესაძლოა, ვერაფერი მიიღოს. ბანკის სიცოცხლის დაზღვევის (Credit Suisse Life) ბერმუდის განყოფილების იურისტებმა კანონში ხარვეზი იპოვეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდას ბანკს თავიდან ააცილებს. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.

როგორც WSJ წერს, ბიძინა ივანიშვილის ზარალი კომპანიის ანგარიშიდან ადგილობრივი კანონმდებლობის თავისებურებების გამო ვერ დაიფარება. საქმე ისაა, რომ 2000 წლიდან ბერმუდაში მოქმედებს კანონი ცალკეული ანგარიშების მქონე კომპანიების შესახებ (Segregated Accounts Company-SAC), რომელიც ორგანიზაციის აქტივებისა და ვალდებულებების სხვადასხვა ანგარიშებად დაყოფის საშუალებას იძლევა. ეს კანონი იცავს ანგარიშის მფლობელებს მათი აქტივების გამოყენებისგან მზღვეველების ან სხვა კომპანიების წინააღმდეგ პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომლებიც კლიენტების ცალკეულ (სეგრეგაციულ) ანგარიშებს მართავენ. ამის შესახებ Credit Suisse Life Bermuda-ს ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ 21 ივნისს სასამართლოშიც განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა ივანიშვილის ზარალი აღიარა. WSJ წერს, რომ „თუ სასამართლო Credit Suisse Life Bermuda არგუმენტს ღირებულად ჩათვლის, ივანიშვილს შესაძლოა, 607 მლნ დოლარიდან არაფერი შეხვდეს.“

გამოცემას ივანიშვილის მხარის არაგუმენტიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, „Credit Suisse-ის განყოფილება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იყო მზად, თანხა გადაეხადა და კომპენსაციის ოდენობა სასამართლოში საბოლოო დასამტკიცებლადაც შეათანხმა. ამდენად, Bermuda-ს ადვოკატებმა ან განზრახ არ წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები ბოლო მომენტამდე ან ეს არგუმენტები მათ გვიან გაახსენდათ.“

მოსამართლე სასამართლო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.

ახლახან Bloomberg წერდა, რომ „ბერმუდის სასამართლო პროცესი მილიარდერსა და ბანკს შორის დაპირისპირებაში გადამწყვეტია, რადგან ამან შესაძლოა, შექმნას პრეცედენტი სხვა კლიენტებისთვისაც. როგორც Le Figaro-სგან ახლახან გახდა ცნობილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მსგავსად, Credit Suisse-ს ანალოგიურ საქმეზე რუსი მილიონერი, ვიტალი მალკინიც უჩივის და აცხადებს, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერის თაღლითური ქმედებების გამო 515,55 მლნ დოლარი (491 მლნ ევრო) იზარალა.

რაც შეეხება თავად ივანიშვილის ზარალის ოდენობას, Bloomberg-ის ცნობით, Credit Suisse-ის საქმეში მისმა ზარალმა, ახალი შეფასებით, 10%-ით მოიმატა და მარტის მაჩვენებელ 553 მლნ დოლარიდან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზარალის ახალი ოდენობა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ 21 ივნისს გამართულ მოსმენაზე დასახელდა. მან მარტში სასამართლო საქმის ორივე მხარის ბუღალტრებს დაავალა, ბიძინა ივანიშვილის ზარალი ზუსტად შეეფასებინათ, მანამდე კი მოსამართლეს ეს ზარალი 553 მლნ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის წამყვან ბანკ Credit Suisse-ს ფილიალს ყოფილი ბანკირის თაღლითობის სქემის გამო უჩივის. სააგენტო წერს, რომ მარტის სხდომაზე მოსამართლემ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის ბერმუდის განყოფილება, Credit Suisse Life გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფილიალმა თაღლით პატრის ლესკოდრონის დანაშაულზე „თვალი დახუჭა.“ თავად ბანკი ამტკიცებს, რომ ფრანგი თანამშრომელი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, დამოუკიდებლად, „მარტოხელა მგლის“ პრინციპით მოქმედებდა და თავის თაღლითურ საქმიანობას მალავდა.

Forbes Real-Time-ის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ