კატასტროფის რისკის შემცირების ადგილობრივი საბჭოების შექმნის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელზეც კატასტროფის რისკის შემცირების საბჭოების შექმნის საკითხები განიხილეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.

„პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას სისტემა, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებს რისკის შემცირებას, პრევენციულ ზომებს, საზოგადოების ინფორმირებულობას, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ამისათვის, უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და წახალისდება სათემო ინიციატივები. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მთავრობებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ პროექტის განმახორციელებელ უწყებებთან ცენტრალურ დონეზე, სწორედ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა კატასტროფის რისკის შემცირების საბჭოების შექმნაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ადგილობრივი რეაგირების და მზადყოფნის გეგმების მომზადება, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს.

პროექტის ექსპერტებმა თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვასა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს კატასტროფის რისკის შემცირებაში, ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.

ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი მარიამ შელეგია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის სამიზნე მუნიციპილიტეტების (ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, თელავი, გორი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი და ქობულეთი) მერები და სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

NS