„კერძო ბაღების თითქმის 100% ისევ გაიხსნა“ - როგორია პოსტპანდემიური მდგომარეობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

„ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენა, ამ ეტაპზე კერძო ბაღების თითქმის 100% ისევ გაიხსნა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კერძო საბავშვო-ბაღების ასოციაცია „მნათი”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი სისვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაღები ის ერთადერთი დაწესებულება იყო, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, რადგან შეუძლებელი იყო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. „სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი მისამართით სუბსიდირება არ ყოფილა, ამიტომ პრობლემები ბევრი იყო“, - განაცხადა სისვაძემ.

2021 წლის შემდეგმ ეტაპობრივად დაიწყო ბაღების ფუნქციონირება და გახსნა, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემა რჩება.

„პანდემიამდე, „საქსტატის“ მონაცემებით 150 კერძო ბაღი იყო დარეგისტრირებული, პანდემიის შემდეგ ამ რიცხვმა იკლო, რადგან საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ბევრმა ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება, ამ ეტაპზე თითქმის მივუახლოვდით კვლავ ამ მაჩვენებელს, - განაცხადა „მნათი”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

თუმცა, მისივე თქმით, სიტუაცია იმდენად არასტაბილურია, ამ სფეროში საქმიანობის წამოწყებისგან, ბევრი უკვე თავს იკავებს.

მისი განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც გაზრდილია ყველაფრის ფასი, ბუნებრივია, გაზრდილია გადასახადის ღირებულებაც და ის საშუალოდ 30%-ით მეტს შეადგენს.

„კვალიფიციური კადრების პრობლემა ამ სფეროში, სამწუხაროდ არის. აუცილებლად იგეგმება გადამზადება, რათა ამაღლდეს ზოგადი მდგომარეობა, რა რეალობაც ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა სისვაძემ.

„ზოგად სიტუაციას ოპტიმისტურად შევაფასებდი. იმედი მაქვს, ზოგადი სიტუაცია დალაგდება და ეს ყველა მიმართულებაზე აისახება, მათ შორის კერძო ბაღებზეც“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი